COVID-19 - კითხვები

დადასტურებული შემთხვევა: 1,283 (დღეს: +5)
• აქტიური: 198
• გამოჯანმრთელებული: 1,068
• გარდაცვლილი: 17
კარანტინში: 7,635
სტაციონარში: 334

რას ნიშნავს ე.წ „კომენდანტის საათი“?
რას ნიშნავს სრული კარანტინი - ე.წ „კომენდანტის საათი“?
• მთელი ქვეყნის მასშტაბით, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე სრულად იკრძალება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.
კომენდანტის საათის დროს შემიძლია შინაური ცხოველის გასეირნება?
• კომენდანტის საათის დროს აკრძალულია გადაადგილება.
საღამოს 9 საათის შემდეგ იმუშავებს თუ არა სურსათის მაღაზიები, აფთიაქები?
• 9 საათის შემდეგ იმუშავებს მხოლოდ აფთიაქი, რომლით სარგებლობა შეეძლებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილების უფლება (მაგალითად პოლიციელები, ექიმები და სხვა პირები, რომლებსაც აქვთ გადაადგილების ნებართვა მათი საქმიანობიდან გამომდინარე).
ჯარიმები
• საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
ინფორმაცია საგანგებო მდგომარეობის შესახებ
რომელი სატრანსპორტო საშუალებით მეზღუდება გადაადგილება?
• იკრძალება გადაადგილება ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით. არ იკრძალება მოტოციკლით, მოპედით და ველოსიპედით გადაადგილება.
ეხება თუ არა შეზღუდვა ტაქსებს?
• შეზღუდვა ეხებათ ტაქსით გადაადგილების მომსახურებასაც.
როგორ შემიძლია მოვიპოვო საშვი მანქანით გადაადგილებისთვის?
• იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეწევით დასაშვებ ეკონომიკურ საქმიანობას, საშვის მოსაპოვებლად უნდა მიმართოთ დარგობრივ სამინისტროს (მაგ.: სოფლის მეურნეობის ან ეკონომიკის სამინისტრო).თუ თქვენ ეწევით ისეთ საქმიანობას, რომელზე ზედამხედველობასაც არ ეწევა არცერთი დარგობრივი სამინისტრო და თქვენი გადაადგილება, თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, წარმოადგენს უკიდურეს აუცილებლობას, უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე - 144.
ვმუშაობ დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში. როგორ უნდა მივიდე სამსახურამდე?
• თქვენი გადაადგილება საცხოვრებლიდან სამსახურამდე და პირიქით, უნდა უზრუნველყოს თქვენმა დამსაქმებელმა.
ვარ დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანია. როგორ უნდა გადაადგილდნენ ჩემი თანამშრომლები სამსახურამდე?
• დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტი ვალდებულია, უზრუნველყოს თანამშრომელთა გადაადგილება M2(მიკროავტობუსით) და M3(ავტობუსით) კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებით. აღნიშნული ნებართვის მისაღებად, კომპანიამ უნდა მიმართოს შესაბამის მუნიციპალიტეტს. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანის მიზნით მარშუტების განსაზღვრას, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით.
როგორ უნდა გადავაადგილდე სამედიცინო მომსახურების მისაღებად?
• სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილება დასაშვებია.თუ თქვენ გაქვთ სამედიცინო მომსახურების მიღების აუცილებლობის აშკარა ნიშნები (მაგ.: დაგეწყოთ მშობიარობა, გაქვთ მოტეხილობა და ა.შ.), ნებადართულია გადაადგილება სამედიცინო მომსახურების მისაღებად (თანხმლებ პირთან ერთად).თუ გჭირდებათ აუცილებელი გეგმიური სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით (მაგ.: დიალიზი, ონკოლოგიური მკურნალობა და ა.შ.) გადაადგილება, თან უნდა იქონიოთ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა.იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ მსგავსი ცნობა, უნდა დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს/სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც, თავის მხრივ, მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულად აწვდის შესაბამის ინფორმაციას. აღნიშნულის საფუძველზე, თქვენზე გაიცემა მიზნობრივი გადაადგილების ელექტრონული ნებართვა. ელექტრონული ფორმით ცნობის ვერმიღების პირობებში, ცნობის მისამართზე მიტანას უზრუნველყოფს სსიპ - სოციალური მომსახურეობის სააგენტოს რაიონული განყოფილება.
შემიძლია თუ არა სასურსათო პროდუქტის ან/და ფარმაცევტული პროდუქტის გამოძახება?
• საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/პროდუქტის მიტანის მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილება დასაშვებია. შესაბამისად, შეგიძლიათ ისარგებლოთ მიტანის სერვისით.
შემიძლია თუ არა სასაფლაოზე წასვლა?
• იკრძალება სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა. აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას. სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია ქვეყნის მასშტაბით.
პირბადის ტარების ვალდებულება რომელ დაწესებულებებში მაქვს?
• პირბადის ტარების ვალდებულება გაქვთ ყველა დახურულ საჯარო სივრცეში (მაგ.: აფთიაქში, სასურსათო მაღაზიაში და სხვ.).
შემიძლია თუ არა გადაადგილება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად?
• სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად დაშვებულია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანის ან ტექნიკის გადაადგილება (მაგ.: ტრაქტორი, კომბაინი და სხვ.).
მაქვს სამსახურებრივი მიზნით ავტომანქანით გადაადგილების უფლება. შემიძლია თუ არა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით, ოჯახის წევრის ან სხვა პირის გადაყვანა?
• არა. ავტოსანტრანსპორტო საშუალებით უნდა გადაადგილდეთ მხოლოდ თქვენ, სამსახურებრივი მიზნით.
მაქვს სამსახურებრივი მიზნით, ავტომანქანით გადაადგილების უფლება. შემიძლია თუ არა თანამშრომლის გადაყვანა ჩემი სატრანსპორტო საშუალებით?
• დიახ, სამსახურებრივი მიზნით, თქვენი სატრანსპორტო საშუალებით, თანამშრომლის სამსახურში გადაყვანის უფლება გაქვთ, ავტომობილში მგზავრთა განთავსების წესების დაცვით.
ვის აქვს უფლება შევიდეს ჩაკეტილ მუნიციპალიტეტებში ან გავიდეს ამ მუნიციპალიტეტებიდან?
• ქ. თბილისში, ქ. რუსთავში, ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში რეგისტრირებული პირები 15 აპრილის 21:00 საათიდან ვერ დატოვებენ ამ ქალაქების (მუნიციპალიტეტების) ტერიტორიას.

შეზღუდვის ამოქმედების შემდეგ, ქ. თბილისის, ქ. რუსთავის, ქ. ქუთაისის და ქ. ბათუმის ტერიტორიის დატოვების უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან სხვა მუნიციპალიტეტებში (მაგალითად ხაშურში). თუმცა, ის პირები, რომლებიც დატოვებენ ზემოაღნიშნულ ქალაქებს (მუნიციპალიტეტებს) და გაემართებიან რეგისტრაციის ადგილას, ვეღარ შეძლებენ ამ ქალაქებში (მუნიციპალიტეტებში) დაბრუნებას.

ქ. თბილისში, ქ. რუსთავში, ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში შესვლას შეძლებენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც ამ ქალაქებში (მუნიციპალიტეტებში) არიან რეგისტრირებულნი (და არა ფაქტობრივად მცხოვრებნი).

იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ფაქტობრივად ცხოვრობენ ან რეგისტრირებული არიან ჩაკეტილ ქალაქებთან (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი) მოსაზღვრე ან მასთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირის მქონე დასახლებებში (მაგალითად წოდორეთი, მუხათწყარო, ნაფეტვრები და ა.შ.) გადაადგილების საჭიროების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე (144)
რა ვადით მოქმედებს შეზღუდვები?
• შეზღუდვა მოქმედებს 10 დღის ვადით, თუმცა, შეზღუდვის მოქმედების ვადა დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.
როგორ მოვიქცე თუ მესაჭიროება სამედიცინო მომსახურება ჩაკეტილ ქალაქში (მუნიციპალიტეტში)?
• სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილების საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე (11505).
გვჭირდება გადაადგილება სამსახურებრივი მიზნით. ვის მივმართოთ?
• სამსახურებრივი მიზნით, საგამონაკლისო წესით, გადაადგილება დასაშვებია. ასეთი საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დაწესებულებები, საწამოები, ეკონომიკური სუბიექტები მიმართავებს შესაბამისი დარგის სამინისტროებს, რომლებიც თავის მხრივ, გადაადგილების უფლების მქონე პირთა სიას ათანხმებს ოპერაციულ შტაბთან.
რა ტიპის დოკუმენტაცია უნდა წარვადგინო საკონტროლო გამშვებ პუნქტთან, რომ შემიშვან ჩაკეტილ ქალაქში (მუნიციპალიტეტში)?
• უნდა წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილების საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად ექიმი, ადვოკატი და ა.შ.) საქმიანობის დამადასტურებელი შესაბამისი ცნობა.
რა შემთხვევაშია ავტომობილით გადაადგილება ნებადართული?
• ნებადართულია მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის 2 უნდა იჯდეს უკანა სავარძელზე. ამასთან, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე სრულად იკრძალება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებით.
როგორ შეიძლება მანქანით 3-ზე მეტი წევრისგან შემდგარი ოჯახის ქალაქგარეთ გაყვანა?
• მსუბუქი ავტომობილით მხოლოდ 3 პირის მგზავრობაა დასაშვები. ეს შეზღუდვა ეხება ოჯახის წევრებსაც, მათ შორის - ბავშვებს.
რა შემთხვევაშია ნებადართული საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრება?
• 3-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა შესაძლებელია მხოლოდ დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განხორციელებისას. მათ შორის, სურსათისა და სამედიცინო/ფარმაცევტული საქონლის/პროდუქტის რეალიზაციისას, ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.

ეს შეზღუდვა არ ეხება: სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში პირთა თავშეყრას, მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით; ასევე, სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.
როდის შეუძლია 70 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეს სახლიდან გასვლა?
• 70 წელს ზემოთ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა შეუძლიათ მხოლოდ მაშინ, თუ ისინი მიდიან სურსათისა და სამედიცინო/ფარმაცევტული პროდუქტის შესაძენად. ასევე, ისეთი სამედიცინო მომსახურების მისაღებად, რომელსაც სახლიდან გაუსვლელად ვერ მიიღებენ.ეს შეზღუდვა არ ეხებათ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებს.
საკარანტინო ზონა / კითხვები
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესვლა/გასვლა
• შესვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ხართ იქ მცხოვრები. გამოსვლა არა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა
• არა, საზოგადოებრვი ტრანსპორტი არ მოძრაობს.
საკუთარი ავტომობილით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოძრაობა
• მხოლოდ, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში და მხოლოდ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკვები პროდუქტების, მედიკამენტების შეძენის, სამედიცინო მომსახურების მიღების და სხვა აუცილებელი საჭიროებებისთვის.
გარეთ ფეხით გადაადგილება
• მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტების შესაძენად და სამედიცინო მომსახურების მისაღებად, ასევე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების და მეცხოველეობა/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების მიზნით.
შემიძლია ქორწილში, წლისთავში ან სხვა რიტუალურ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება?
• არა. საგანგებო მდგომარეობის დროს იკრძალება ისეთი ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 3-ზე მეტი პირის შეკრებასთან. მაგალითად: ქელეხი, ქორწილი და ა.შ.
შეიძლება სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება? მაგ.: ფეხბურთის თამაში.
• არა. საგანგებო მდგომარეობის დროს იკრძალება ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება, როგორც შენობაში, ასევე ღია სივრცეებში.
რომელი ობიექტებია დახურული?
• მუშაობს მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებები, საკვები პროდუქტების, მედიკამენტების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.
რას ნიშნავს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი?
• საავადმყოფო, სახანძრო/სამაშველო სამსახური, სასწრაფო სამედიცინო ცენტრები, ბენზისგასამართი სადგურები, ელექტროენერგიისა და წყლის მიმწოდებელი ობიექტები, ბანკომატები და ა.შ.
აუცილებელია თუ არა პირადი მოწმობის თან ტარება?
• დიახ.
*ინფორმაცია აღებულია სხვადასხვა წყაროდან და შეიძლება შეიცვალოს გაფრთხილების გარეშე